logo_geo
„USAID-ის გზამკვლევში საქართველოს ტოპ-ათეულში ყოფნა ძალიან საამაყო და სასიხარულოა ჩვენთვის“
- +

5 ოქტომბერი. 2018. 18:34

 

 

„ძალიან გვეამაყება, რომ USAID-ის გამოქვეყნებულ გზამკვლევში საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი განვითარებად ქვეყნებს შორის“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ  USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე შკალით) მაღალი შეფასებები მიიღო.

 

„USAID არის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი, რომელიც ეხმარება მთელ რიგ ქვეყნებს. ამ სააგენტომ ჩაატარა ასზე მეტი ქვეყნის დეტალური შეფასება იმის შესახებ,  თუ როგორი პროგრესი აქვთ მათ  რეფორმებთან დაკავშირებით. კვლევისას გამოყენებული იყო 17 კრიტერიუმი, რომლებიც შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად: პირველი ნაწილი არის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სექტორებში მიღწეული შედეგები,  მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ სექტორებში ქვეყნის მთავრობის დღევანდელი ქმედებები, რომლებიც  მიმართული რეფორმებისა და  ეკონომიკური განვითარებისკენ. ორივე პარამეტრის მიხედვით, საქართველო ტოპ-ათეულშია ასზე მეტ ქვეყანას შორის, რაც, რა თქმა უნდა,  ძალიან საამაყო და სასიხარულოა ჩვენთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2018 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში (Journey to Self-Reliance), ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ხოლო რიგ კომპონენტებში - სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, USAID ფოკუსირებას ახდენს თვითუზრუნველყოფის  უნარის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის (მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ჩათვლით) შესაძლებლობას არსებული გამოწვევების ფონზე დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული პროექტები. მსგავსი მიდგომა USAID-ის მიერ ქვეყნებთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

თვითუზრუნველყოფის უნარი განისაზღვრება ორი ელემენტით: ვალდებულებით - თუ როგორ უწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის უნარის განვითარების პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკა და ქმედებები; და შესაძლებლობით  - რამდენად წინ არის ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სექტორში მუშაობისა და განვითარების კუთხით.

 

სწორედ ზემოხსენებული ორი ელემენტის ასახვისთვის USAID-მა შეიმუშავა მაღალი დონის მეტრიკები, რაც სააგენტოს ქვეყნების შეფასების პროცესს უადვილებს და რომელთა საფუძველზეც იქმნება ცალკეული ქვეყნის გზამკვლევი.

 

 

big_banner
არქივი