logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ
- +

15 ოქტომბერი. 2018. 16:09

 

„ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მხარდამჭერებს.

 

„აქ ინახება საქართველოს კულტურა და ბუნება. ორივესთან ასოცირდება ვაჟა-ფშაველა, იგი ტყუილად არ დაბადებულა ამ რეგიონში და მისი პოეზიაც ამის სიმბოლოა, კულტურასა და ბუნებას იცავს. პრეზიდენტის ვალდებულებაც არის, დაიცვას ქვეყნის კულტურა და გაიტანოს ის მის ფარგლებს გარეთ. ზოგჯერ გვგონია, რომ კულტურა, იდენტობა გარკვეული საფრთხის ქვეშ არის გლობალიზაციის წინაშე, ზოგჯერ გვგონია, თუ ჩავიკეტებით, თავს დავიცავთ, მაგრამ პირიქით, საზღვრებს გარეთ უნდა გავიტანოთ ჩვენი კულტურა, რითაც მას ახალ დანიშნულებას შევძენთ. თუ რა გზით უნდა გავიტანოთ, ეს მე ვიცი და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს, თუნდაც იუნესკოს მიერ დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობა. ბევრი კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ კულტურა, ფოლკლორი. ამ კუთხით ვახუშტი კოტეტიშვილი მახსენდება. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. საქართველოში პირველი ვიზიტისას სწორედ ვახუშტი კოტეტიშვილთან ვიყავი, საქართველოს სხვადასხვა მხარე მოვიარეთ. მაშინ პირველად ვეზიარე საქართველოს კულტურას, მანამდე ეს მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. ძალიან დიდ ვალდებულებას ვგრძნობ საქართველოს კულტურის მიმართ და პრეზიდენტის რანგში ბევრის გაკეთება შეიძლება, არსებობს პრეზიდენტის ფონდი, რეგიონებიდანაც ბევრის გაკეთება შეიძლება, ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ“, – მიმართა ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს.

 

 

 

big_banner
არქივი