logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში
- +

16 ოქტომბერი. 2018. 18:36

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, არასრული ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გვინდა, კიდევ ერთხელ, გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესების თაობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ასეთი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან. 2012 წლის შემდეგ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი არჩევნების ასეთ რეჟიმში ჩატარება.

 

ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ეს მიზანი და ამოცანა გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ეს იყო ასევე შეთავაზება ჩვენი კანდიდატის, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან, ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა პასუხად ვიღებთ სხვა რამეს ოპონენტებისგან. მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რაც არის შორს ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან.

 

მე ძალიან მოკლედ მინდა ჩამოვთვალო ის ძირითადი ხარვეზები და დარღვევები, რაც თან სდევს ამ წინასაარჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროცესებს ეს არის პირველ რიგში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

 

მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა გადაცდომა ეს არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, ხაზს ვუსვამ მცდელობას, როგორც მოგეხსენებათ, ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში არიან ძალიან ფართოდ ჩართულნი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

 

მესამე, ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რაც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ და ეს არის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა. შემდეგ ეს არის აბსოლუტურად პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომელსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები, შეგახსენებთ დაპირებას პენსიის თაობაზე.

 

არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს პოპულიზმიც არის ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე, კიდევ ერთი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროის და საბიუჯეტო სახსრების, საუბარია მილიონობით ლარზე, ამ საბიუჯეტო სახსრების მიტაცება, რაც არის კიდევ ერთი გადაცდომა და კიდევ ერთი დარღვევა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები და ბოლოს, ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც უნდა ცალკე გამოიყოს.

 

ჩვენ ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით მივაწვდით სრულ ინფორმაციას, ბუნებრივია, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს. ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე მათთან და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება გაზიარებული და პერმანენტულად ხდება ინფორმაციის გაზიარება მათთვის. რაც შეეხება ბოლო საკითხს, ცალკე მინდა გამოვყო ის, რომ პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი2-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა. კერძოდ, რუსთავი2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების „საუკეთესო პრაქტიკას“.

 

ჩვენ ვაწარმოებთ მედია მონიტორინგს, ანუ საუბარია კონკრეტულ მონაცემებზე, როგორც თვისობრივ მონაცემებზე, ასევე, რაოდენობრივ კვლევაზე და ბუნებრივია ამ მედია მონიტორინგის შედეგებს მივაწვდით ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ეს შედეგები, მედიამონიტორინგის შედეგები, თვისობრივი და რაოდენობრივი ადასტურებს იმას, რომ წარმოებს სწორედ ე.წ.  brain washing-ის, ანუ ტვინის გამორეცხვის კამპანია. ეს ჩვენ გვახსოვს 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა ვხედავდით ასევე იმასაც, რომ ყოველთვის ეს brain washing, ანუ ტვინის გამორეცხვა ასევე იყო წარუმატებლობისთვის განწირული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი იმიტომ, რომ ვერანაირი brain washing, ბუნებრივია, სიმართლეს ვერ დაფარავს. აქამდე თუ იყო „რუსთავი2“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, ანუ პარტიის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის  დღევანდელი რეალობა. მე შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც იყო არსებითად აგებული ბოლო დროს ეს brain washing, ანუ, ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო „ომეგას“ საქმე, ანუ პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ „რუსთავი2“-მა.

 

დადასტურდა სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლიც ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის  გახდა ცნობილი სიმართლე და საბოლოოდ, გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს სურდა ათეულობით მილიონის გადახდაზე უარის თქმა ბიუჯეტში. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი და აქ მოკავშირედ გაიხადა ნაც. მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია. ეს არის „რუსთავი2“. გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცხადი, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა და ახლა დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს. მე, ზოგადად კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, თუ რა რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ, ეს ძალადობრივი რეჟიმი და სისტემა ჩავაბარეთ წარსულს და გამოვირჩევით ზუსტად იმით, რომ დღეს ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი. ეს, დასტურდება საზოგადოების განწყობით, რომელზეც აქვს ყველას სრული ინფორმაცია. ეს არის რეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე და ეს არის რეალობა, რომელიც არის დღეს და სწორეთ ამ რეალობის დამსახურებაა ის, რომ „brain washing“-ს - „ტვინის გამორეცხვას“ არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ელიან მისი ავტორები.

 

ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას, რომ თავს იკავებენ და გაურბიან რუსთავი 2-ის წარმომადგენლები ჩვენი წარმომადგენლების მიწვევას რუსთავი2-ის ეთერში, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა. გუშინ იყო ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წარმომადგენელის მონაწილეობა ეთერში, თუმცა ამაზე უარი ითქვა „რუსთავი 2“-ის მხრიდან. მიზეზი არის მარტივი, სიმართლე არის ერთი და ბუნებრივია, როდესაც ცალმხრივად ხდება გაშუქება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაამახინჯო ეს სიმართლე. ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ , პარტიულ ტელევიზიას, რომ დაძლიონ სიმართლის შიში და მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვან მედიასტანდარტი იმისთვის, რომ ფორმალურად მაინც იყოს ის წესები, რომელიც მოქმედებს კულტურულ, ევროპულ სივრცეში თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში.

 

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩვენები დასრულდება ლოგიკური შედეგით, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ეს დასტურდება ჩვენი შიდა კვლევებითაც. არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოვთვალე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს იყო ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც ბრალი მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის, ეს იყო ასეულობით სოფლის დაკარგვა და ეს იყო ის უბედურება, რომელიც დაატრიალა ამ პარტიამ 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი