logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის
- +

2 ნოემბერი. 2018. 16:31

 

 

 არჩილ თალაკვაძე: ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას

 

„რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოეხსნას ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა, პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე-ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა.

 

მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა - რეალურად, ჩანაწერებით. გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ, ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების   მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ  ეს გარემოებაც.

 

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას.  ყველამ ნახეთ, მშვიდად ჩატარდა არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება.

 

მინდა ასევე გამოვეხმაურო კანაფის წარმოების პროექტსაც. როგორც იცით,  საზოგადოების და ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებისთანავე პარლამენტმა შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა, ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ამასთან დაკავშირებით.

 

მაგრამ დღეს როდესაც სხვადასხვა კონოტაცია ამ პროექტს და მათ შორის გადამწყვეტი იყო ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ქართული ოცნების“ გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გაწვეული იყოს ეს პროექტი პარლამენტიდან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან .

 

დღეს, როგორც იცით, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ასევე პატრიარქს და  ეს პოზიცია იქნა კიდევ ერთხელ განხილული და დადასტურებული.

 

მე კიდევ ერთხელ გუნდის სახელით გიდასტურებთ, რომ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული.

 

არ შემიძლია, უყურადღებოდ  დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო შტაბი  თითქმის ქვეყნის მასშტაბით, არაერთ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ.

 

ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია: თავდასხმები, შეურაცხყოფა. ის, რასაც რეალურად საზოგადოებამ უთხრა უარი 2012 წელს და არც მომავალში არ აპირებს საქართველო, რომ  აირჩიოს ეს სტილი შეურაცხყოფის და დაპირისპირების.

 

ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის  თავდასხმები და პიროვნული    შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება.

 

კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს და მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და მათ თითქოს ღირებულებები  შეიცვალეს, რეალურად დღეს ჩანს, რომ არის სიცრუე.

 

ამიტომ მინდა მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა  იმ  წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან, რომ თავისი ძველი ხელწერით  გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს  იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე,  რომელიც თქვენს მიერ ამ  დღეებში არის გამოვლენილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი