logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა
- +

29 ნოემბერი. 2018. 21:52

 

„ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„ან ღირსეულად უნდა აღიარო, რომ დამარცხდი, შეცდომები გააანალიზო შორს გაიხედო და იფიქრო, რა შეგიძლია, უკეთესი მოუტანო, თუ რამე რესურსი დაგრჩენია საერთოდ, რაშიც ეჭვი მეპარება; ან უნდა გააკეთო განცხადება, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. აი, მეორე გზას გაყვნენ და ვფიქრობ, კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც და არ მგონია, რომ ბევრს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ასეთი უსაფუძვლო განცხადების მიმართ“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

მისივე თქმით, მუშაობაა საჭირო და არა რიტორიკა, „მათ შორის აგრესიული რიტორიკა, რაც ვერ მოვაშლევინეთ „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

„არა, ჩვენ არ ველოდებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ღირსეული იყო გამარჯვება, სწორი არის შეფასებები, კრიტიკაც არის, მაგრამ ამ კრიტიკის მიღმა არის გამარჯვებული საზოგადოება, რომელმაც უარი უთხრა იმ ბოროტებას, რისი მატარებლებიც არიან მთლიანად, მათ შორის ვაშაძეც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

 

 

 

big_banner
არქივი