logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაა
- +

29 ნოემბერი. 2018. 23:23

 

„საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციაა“, - ეს განცხადება ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

 

„არსებობს ორი მიმართულება, რომელშიც პრეზიდენტი შეიძლება აქტიური იყოს. პირველი ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა. ეს ექვსი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც ევროპაში – ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას ცდილობს. ამ ექვს წელიწადში ჩვენ ამ მიზანს მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ან მთლიანად მოვახდინოთ ინტეგრაცია. ამ საკითხში ვიქნები ყველაზე აქტიური პრეზიდენტი. მემახსოვრება, რომ სწორედ ქალბატონმა ვიკე-ფრაიბერგმა (ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი) მიიყვანა ქვეყანა ევროკავშირამდე და NATO-მდე. ესაა ჩემი მიზანიც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, ის ეცდება, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს.

 

„მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში საქართველო. ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის. მათ მხოლოდ რუკაზე უნახავთ საქართველო. ბევრი საქმეა გასაკეთებელი ქვეყნის შიგნითაც. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და მზადდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, თუმცა აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლაც. ევროპაში გავიზარდე, ფრანგი დიპლომატი ვიყავი 30 წელი. ვიცი როგორია ევროპული საზოგადოება და ვიცი როგორ დავუახლოვდეთ მას, ვიცი როგორ გავაერთიანოთ ერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

საქართველის არჩეული პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა გასცდეს პოსტსაბჭოთა სივრცის მენტალიტეტს.

 

„ჩვენ უნდა გავცდეთ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის ჩარჩოებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში მაინც არსებობდა. უნდა ვიმოძრაოთ ერის გაერთიანებისკენ. თუ გაერთიანებას ვერ შევძლებთ, მაშინ ვერ შევძლებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას. სწორედ ეს არის დღეს ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთიანი მიზანი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი