logo_geo
თამაზ ბაკურიძე: უგულავამ აჭარის უშიშროების სამინისტროში რაც კი ღირებული იყო, ტრაილერებით გაზიდა!
- +

24 იანვარი. 2017. 23:44


 

„როდესაც აჭარაში "ნაციონალებმა" ე.წ. რევოლუცია მოაწყეს და აჭარელი ხალხი "გაათავისუფლეს", გიგი უგულავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შევიდა აჭარის უშიშროების სამინისტროში და რაც კი ღირებული იყო, ტრაილერებით გაზიდა", - ამის შესახებ ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა და 2004 წლის მოვლენები გაიხსენა.


„უგულავამ სამინისტრო გაძარცვა, უახლესი ტექნიკა გაიტანა. მაშინ სამი ტრაილერი გავიდა უშიშროების შენობიდან. თუ ვინმემ არ იცის, მე ვიცი კარგად, უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე ყოველთვის იყო დაინტერესებული ახალი ტექნიკით და რაც კი გამოდიოდა, ყველაფერს ყიდულობდა. ამას წაიკითხავენ უშიშროების ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომლები და დამემოწმებიან, რომ თბილისში არ ჰქონდათ ისეთი მაგარი ტექნიკა, როგორიც ბათუმში. ახლად შეძენილი კომპიუტერები, მოსასმენი აპარატურა, ყველაფერი უგულავამ წაიღო.

 

არსებობენ ცოცხალი მოწმეები. უგულავა იმდენად მკრეხელი აღმოჩნდა, რომ მან აჭარიდან გაიტანა საეკლესიო ხატები, რომლებიც უშიშროების სამინისტროს ბალანსზე იყო, რომლებსაც უშიშროება იცავდა. უგულავა სამი დღე იჯდა აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილის, გოგი კუპრეიშვილის კაბინეტში. მან კუპრეიშვილი დააკავა 5 რიცხვში და გააფორმა, თითქოს დააკავა 8 რიცხვში. მას სამი დღე ადამიანი ჰყავდა უკანონო პატიმრობაში. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე, თუ როგორ გაიყვანეს გიგი უგულავამ და გივი თარგამაძემ ჩოლოქზე გოგი კუპრეიშვილი "სპეცნაზის" თანხლებით. იცი, რა შეუკერეს ოფიციალურად? პირველი - თავდასხმა ვახტანგ კომახიძეზე, მეორე - ტერორიზმი. ვერც ერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, ვერ დაუმტკიცეს და ბოლოს მაინც ციხეში ჩასვეს, შეტენეს თენგიზ ასანიძის საქმე. ამ ადამიანთან კუპრეიშვილს საერთო არასოდეს ჰქონია, ასანიძე აბაშიძემ დაიჭირა და არ უშვებდა ციხიდან. მე მივმართავ პროკურატურას: გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა ქონება იყო აღრიცხული აჭარის უშიშროების სამინისტროში, საქმე გვაქვს ათეულობით მილიონი დოლარის დატაცებასთან. ფაქტობრივად, უგულავამ გაძარცვა ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფო დაწესებულება. ეს ერთი. ახლა მეორე - იჯდა რა, უგულავა კუპრეიშვილის კაბინეტში, იქ იბარებდა ასლან აბაშიძის ყოფილ ხელქვეითებს და აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებს, მას ვაჭრობა ჰქონდა გამართული მათთან. მე მინდა, ამ ადამიანებს მივმართო: თუ არ გინდათ, უახლოეს ხანში გამოვაქვეყნო თქვენი გვარ-სახელები ანბანის მიხედვით, მაშინ ამოიღეთ ხმა. სააკაშვილის ბანდის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას ვალია!

 

როცა კუპრეიშვილი დაიჭირა უგულავამ, თან დაემუქრა, შენ ყველაფერს წაგართმევო. წაართვეს აბაშაში მამაპაპისეული სახლი და საერთოდ, რაც კი გააჩნდა, თან ციხის კედლები ახეხინეს. მე აღარაფერს ვამბობ იმ ცნობილ "ჰამერებზე", ერთით უგულავას ცოლიც კი დადიოდა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ყაჩაღი უგულავა მარტო არ იყო, ის ასრულებდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ოქრუაშვილის, მერაბიშვილისა და ბოკერიას დავალებებს. ამ ადამიანებმა გაძარცვეს არა მხოლოდ უშიშროების სამინისტრო, არამედ ასლან აბაშიძის რეზიდენციაც, წაიღეს რამოდენიმე მილიონის ანტიკვარული ნივთები, ვითომ სადღაც აღმოაჩინეს. ლევან ვარშალომიძემ ერთხელ გამოფენაც კი მოაწყო და განაცხადა, ეს ყველაფერი ხალხს დაუბრუნდებაო. ახლა პირდაპირ ვსვამ კითხვას: სად წავიდა აჭარის ე.წ. რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძის რეზიდენციის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება? სად წავიდა ავტონომიური რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პირადი ქონება? მე ვადებ ხელს ამ ადამიანებს, ამათ გაძარცვეს აჭარა, ამათ გააკეთეს ის, რაც ვერ გააკეთა თავის დროზე "მხედრიონმა".

 

სად წავიდა 14 საფრენი აპარატი, რომელიც თავიდან უგულავას სათამაშოები ეგონა? ეს იყო მზვერავი აპარატები, უშიშროება იყენებდა. როცა უგულავას აუხსნეს, ეს სათამაშოები არ არისო, წაიღო და აჩუქა მამამისს, თურმე ფიზიკოსი ყოფილა. ეტყობა, შლის და აწყობს. დღეს რომ იძახიან, უგულავამ 40 მილიონი მიითვისაო, ეს არის ბლეფი, მაგას ასჯერ 40 მილიონი აქვს წაღებული და გაფლანგული. თუ ამათ ფული უკან არ მოატანინეს და არ დაისაჯნენ, ქვეყანა ვერ დაისვენებს!", -განაცხადა ბაკურიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი