logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის სიყვარულში, ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან!
- +

25 იანვარი. 2017. 15:31



 

„ბატონი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

„აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა, მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას - რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა და სწორი განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ეს არის ჩვენი შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში დღეს ჩვენი ქვეყანა გვერდით გვიდგას, მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედიასივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, ქვეყნის სიყვარულში, ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

big_banner
არქივი