logo_geo
მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართა
- +

27 მარტი. 2019. 19:38

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გამართა.

 

„მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა“, არის თემა მეორე თემატური მოკვლევისა, რომელსაც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახორციელებს.

 

„თემატური მოკვლევები რეგლამენტმა სავალდებულო გახადა და ახლა უკვე ყველა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენი კომიტეტი უკვე მეორე მოკვლევას ატარებს, ამჯერად მუნიციპალურ ნარჩენებზე. როგორც გამოვლინდა, ეს რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ. პირველ ეტაპზე გვყავდნენ მოწვეული ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გაგვაცნეს თავიანთი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით,  დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებზე და ასევე მოვახდინეთ იმ უწყებების იდენტიფიცირება, რომლებსაც ზეპირი მოსმენისას მოვიწვევდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

 

 

როგორც მან აღნიშნა,  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოს დაცვით გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც  უშუალო კავშირშია ქვეყნის მდგრად განვითარებასთან და სწორედ ამ მოტივითაც მოხდა თემატური მოკვლევისთვის ამ  თემის შერჩევა.

 

კახა კუჭავას განცხადებით, ექსპერტებთან  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოვლინდა ხუთი ძირითადი საკითხი, რომლებზეც ეს მოკვლევა გააკეთებს კონკრეტულ აქცენტს, ესაა:

ტარიფები და მისი ამოღება მუნიციპალიტეტებში;

ნარჩენების რეციკლირება და აღდგენის სხვა სახეების განვითარების ბარიერები;

ნარჩენების საინფორმაციო ბაზა და პორტალის შექმნა;

მუნიციპალიტეტების  შესაძლებლობები და მათი გაძლიერების საჭიროება;

განათლება და  ცნობიერების   ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე.

 

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის დეპუტატი  წევრები, ორი დღის   განმავლობაში მოისმენენ განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და იმსჯელებენ პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე.

 

თემატური მოკვლევის ფარგლებში,  ჯგუფის წევრებმა დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროს გიორგი კაპანაძეს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძეს, თბილსერვის ჯგუფის დირექტორს ლევან ჯღარკავას,  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილს და  დასუფთავების სამსახურის უფროს ტარიელ გრატიაშვილს მოუსმინეს. ზეპირი მოსმენა სამუშაო ჯგუფის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

 

ხვალ, 28 მარტს,  დაგეგმილია ფინანსთა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა, ასევე  სხვა სახელმწიფო უწყებების ზეპირი მოსმენა.

 

თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 

 

big_banner
არქივი