logo_geo
ვალერიან გორგილაძე: არასამთავრობოების მიერ ინიცირებული პროცესები ზოგჯერ ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნიან საფრთხეს
- +

2 აპრილი. 2019. 18:09

 

 

პოლიტანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე გია აბაშიძის კვლევის შეფასებისას ამბობს, რომ ამ კვლევით მოხდა არასამთავრობო სექტორის ანატომიის შესწავლა. როგორც გორგილაძე აღნიშნავს, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი ინფრასტრუქტურით, გრანტებით, რესურსით და ინიცირებას ახდენენ ისეთი პროცესების, რომლებიც ზოგჯერ ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნიან საფრთხეს. 

 

„ჩვენს შემთხვევაში კი არასამთავრობო სექტორი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ხშირად ეს „მოდარაჯე ძაღლი“ იქცევა, როგორც „მონადირე ძაღლი“ - ვიღაცის ხელში ინსტრუმენტად. ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი რესურსით, ეს არის გრანტები, ეს არის ინფრასტრუქტურა და ამ თავისი რესურსით ახდენენ პირდაპირ ინიცირებას გარკვეული პროცესების. ეს პროცესები ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნის საფრთხეს. მაგალითად, კარვების გაშლის მცდელობა, მაგალითად, ხორავას ტრაგიკული თემის პოლიტიზაცია, რომელსაც დიდ წილად არასამთავრობო სექტორი უწყობდა ხელს. ასევე საპრეზიდენტო არჩევნები - როდესაც აპრიორი ხელისუფლებას ბრალდებოდა, რომ მზად არის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის, ყალბი პირადობების საქმე, რომელიც ჯერ არ ახსენდება არავის, მაგრამ გვახსოვს ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები და უნდობლობის გაჩენის მცდელობები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

კვლევის შეფასებისას პოლიტანალიტიკოსმა სასამართლოსთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის შეფასებებიც გაიხსენა.

 

როგორც გორგილაძე ამბობს, 2013 წელს არასამთავრობოები მომხრეები იყვნენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის, მაგრამ მას შემდეგ რაც სასამართლო გავიდა პოლიტიკური და მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან, საზოგადოებამ დაინახა მათი მხრიდან მოსამართლეების მიმართ მძლავრი კრიტიკა და მტრის ხატის შექმნის მცდელობა.

 

„2013 წელს არასამთავრობოები პირიქით მომხრეები იყვნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის, შემდეგ მოხდა გარდატეხა და სასამართლო გავიდა პოლიტიკური და მათ შორის მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან. ჩვენ დავინახეთ მძლავრი კრიტიკა მოსამართლეების მისამართით, მტრის ხატის შექმნა, ესეც სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი მთელ არასამთავრობო სექტორზე, მაგრამ ისინი, ვინც აფილირებული და დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ სხვადასხვა ლიდერთან, ესეც არის აბაშიძის კვლევაში თვალსაჩინო. თვალსაჩინოა, ვინ აფუძნებდა, როდის აფუძნებდა, რა პოლიტიკური ინტერესი გააჩნდა, როგორ ხდებოდა მიგრაცია არასამთავრობო სექტორიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ ბრუნდებოდნენ ისევ პარტიიდან არასამთავრობო სექტორში. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც პოლიტიკურმა წრეებმა და ექსპერტებმა კარგად იციან, რომ ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკურ ინსტრუმენტად და არასამთავრობოები ხშირად ერევიან პოლიტიკურ პროცესში და, სამწუხაროდ, ეს ჩარევა ხშირად არის დაკავშირებული დესტრუქციასთან“, - აღნიშნავს ვალერიან გორგილაძე.

 

 

big_banner
არქივი