logo_geo
ლევან იზორია: 4 აპრილი NATO-ს დაარსების დღეა და გადავწყვიტე, პარლამენტში სწორედ ამ დღეს მოვსულიყავი
- +

4 აპრილი. 2019. 13:14

 

„4 აპრილია, NATO-ს დაარსების დღე და შეგნებულად, სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის წინაშე წარვმდგარიყავი და ჩემი მოხსენება დამეწყო პროგრესით, რაც NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იზორიას თქმით, ამის დასტურია უპრეცედენტო სწავლება, რომელიც საქართველოში გასულ კვირაში ჩატარდა, ასევე მაღალი დონის ვიზიტები და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა.

 

„ამის დასტურია მაღალი დინის ვიზიტები და განსაკუთრებით ის აღიარება და მხარდაჭერა, რაც საქართველოს, განსაკუთრებით,  თავდაცვის უწყებას აქვს, რეფორმების განხორციელების შედეგად, რომელიც ბოლო წლებში გავატარეთ და, რომელიც გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ მომავალში აუცილებლად NATO-ს წევრი ქვეყანა გავხდებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტში გამოსვლისას საუბარი შეეხება საქართველოს თანამშრომლობას აშშ-სთან, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან მიღწეულ პროგრესს.

 

„კონკრეტულად ვისაუბრებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოზიტიური თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკაზე, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, მზარდ ფინანსურ დახმარებაში, აღჭურვაში, ერთობლივ სწავლებაში, ამბიციური პროგრამების განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც იქნება საუბარი. ვისაუბრებთ ევროკავშირთან მიმართებაში მიღწეულ პროგრესზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში რა მიღწევები გვაქვს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. მიღწევები კი, ძალიან საამაყოა თითოეული ქართველისთვის. მინდა, რომ აქ თითოეულს გავუზიარო ეს საერთო წარმატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი