logo_geo
სოფო ქაცარავა: NATO-ში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია
- +

4 აპრილი. 2019. 15:19

 

 

„მთავარი ის არის, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია, NATO-ს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა სრულიად სხვა ხარისხშია გადასული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ NATO-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

 

„ალბათ მომავალშიც მოვისმენთ მსგავს განცხადებებს კარასინის მხრიდან, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ NATO-ში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა უფრო და უფრო ხელშესახებია. რაც მთავარია, NATO-ს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა, შეფასება და წახალისება სრულიად სხვა ხარისხშია გადასული. ამას ადასტურებს გუშინდელი განცხადებები როგორც კონგრესმენების, ასევე NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

ქაცარავას თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა.

 

„ხელისუფლებაც და ჩვენი პარტნიორებიც ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ვმუშაობთ, რათა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს, რათა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

 

 

big_banner
არქივი