logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვკეკლუცობთ და გვინდა, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამოვჩნდეთ
- +

10 თებერვალი. 2017. 22:28




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ფარულ მიყურადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა განვითარებულ ქვეყნებში აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და საქართველომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატაროს.


„მოდელი, რომელიც ქუჩაში დადის და თავისით ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქციას, არც ერთ ქვეყანას არ აქვს და რაღა მაინც და მაინც ჩვენ უნდა შევქმნათ?!

 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ჩართულია ტერორიზმთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში, იმ საფრთხეებთან ბრძოლაში, რაც არის დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევა. ამ ფონზე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება პროცესი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიდის და რომელშიც ადგილი აქვს რეალურად, ჩვენს საკუთარ ინსტიტუტებზე, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. კარგია, რომ თქვენ თვითონაც გიჩნდებთ შეკითხვები თუ რატომ უნდა გადავიხადოთ დამატებითი ფული ამ ახალი ორგანიზაციიის შექმნაში. ეს იყო შეკითხვა, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავსვით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ბატონი პაპაუაშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო ეს გადაწყვეტილება. დღეს კარგია, რომ უბრუნდებით შეკითხვას, ხომ არ იყო ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან იყო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ვცადეთ, რომ ახალ მოდელში მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა იგი. თქვენ რასაც ითხოვთ, ფაქტობრივად, არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების პრაქტიკულად პრივატიზაციაზე გატანა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა და კერძო სექტორის რეფორმა. ეს არის უსაფრთხოების სისტემა, სადაც კრეატიულობა ნაკლებად არის საჭირო. ამიტომ აქ ჩვენ უნდა მივიღოთ კლასიკური და მართებული გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ დღეს რეგიონი და მსოფლიო სავსეა რისკებით და ჩვენ ამ ფონზე ექსპერიმენტები არ უნდა ჩავატაროთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობებზე და სისტემაზე. მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნები - ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი - რეგულაციებს ამკაცრებენ, ჩვენ ვკეკლუცობთ და გვინდა, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამოვჩნდეთ და მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი ფარული საგამოძიებო მოქმედებების სისტემა იმდენად გახსნილია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩართოს შიგნით თავისი არხი, მოუსმინოს და გააკონტროლოს, ეგებ ვინმე ხომ არ ახორციელებს უკანონო საგამოძიებო მოქმედებას", - განაცხადა თალაკვაძემ.



 

big_banner
არქივი