logo_geo
კახა კალაძე: ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე!
- +

13 თებერვალი. 2017. 20:55



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. კალაძემ შესაბამის სამსახურებს: პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის.


როგორც მან აღნიშნა, ჩაფიქრებულის განხორციელება არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე.


„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა, მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი", - განაცხადა კახა კალაძემ.


კალაძემ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია კონკრეტული პიროვნება და როგორც დღეს პროკურატურაში აღინიშნა, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე, სხვადასხვა მიმართულებით.


შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.


 

big_banner
არქივი