logo_geo
გიორგი კახიანი: არ მგონია, მოსახლეობას მოსწონდეს რუსთაველზე გაშლილი კარვები
- +

26 ნოემბერი. 2019. 00:34

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ  ოპოზიციის აქციების ფონზე, პარლამენტი ჩვეულ, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძობს  საპარლამენტო საქმიანობას და დამატებით საპროტესტო აქციები არ იყო აუცილებელი.

 

 

მისივე თქმით, აქციების შეწყვეტა იქნებოდა უკეთესი ქვეყნის განვითარებისთვის. დიდი ალბათობით, არც მოსახლეობას უნდა მოსწონდეს რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები, მაგრამ ოპოზიციას თავისი არჩევანი აქვს და შეუძლიათ განაგრძონ საპროტესტო აქციები.

 

 

„სიმართლე გითხრათ უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს არანაირი შედეგის მომცემი მათთვის არ იქნება, უფრო მეტიც, შესაძლოა მათთვის დამაზიანებელიც კი იყოს ის პოლიტიკური პერფორმანსები, რასაც ისინი დგამენ. იმიტომ, რომ მე თუ მკითხავთ ძალიან უნიჭოდ დადგმულ პოლიტიკურ პერფორმანსებს ვადევნებთ თვალს, იქნება ბოქლომების დადება თუ ასე შემდგომ. რუსთაველზე გაშლილი კარვების პერიოდი მგონი, წარსულს უნდა ჩავაბაროთ. არ მგონია, ეს მოსახლეობას მოსწონდეს“, - განაცხადა კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების რეალიზებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც ეს არაკანონიერ სახეს იღებს, ისეთი, როგორც არის პარლამენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტის  ფუნქციონირებას პრობლემები შეექმნას, ეს დაუშვებელია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება  ისე, როგორც სულ რამდენი ხნის წინ იყო პროპორციული და ადეკვატური ქმედება სახელმწიფოსგან.

 

გიორგი კახიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც უკანასკნელ ხანს განვითარდა. ჟურნალისტის კითხვაზე -  თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან მას შემდეგ რაც თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ აღარ რჩება სხვა გზა  გარდა იმისა, რომ პარტიები მოემზადონ და მივიდნენ არჩევნებამდე, რომელიც ჩატარდება იმ ფორმით რაც დიდი ხანია  განსაზღვრულია? მან უპასუხა - „მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის, ეს იმედგაცრუება იყო მათ შორის უმრავლესობის უმრავლესობაშიც, მაშინ როდესაც ჩვენ ვერ შევძელით იმ ცვლილების განხორციელება რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, მაგრამ გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და რეალობა არის ის რომ საარჩევნო სისტემის ნაწილში ვერაფერი ვერ შეიცვლება, ამის არანაირი რესურსი არ არსებობს, იმიტომ რომ ცვლილებებს სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები, რაც არის წარმოუდგენელი. ეს უკვე აჩვენა განვლილმა მოვლენებმა.  ამიტომ ეს თემა ჩვენ დავხურეთ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას რაც შეეხება. თუმცა,  კოდექსში ცვლილებებზე ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, სასაუბროდ. ამასთანავე გერმანული მოდელი ახსენეთ თქვენ. გერმანული მოდელის ავკარგიანობაზე რომც არ  ვისაუბრო, არ აქვს მნიშვნელობა მე მომწონს თუა არა. დღეს კიდევ მოვისმინე, რომ გერმანულ მოდელში გარკვეული ცვლილებები, ქართული ვარიანტი, ახალი კანონპროექტი შეუდგენიათ. მე ჯერ ეს არ მინახავს, მაგარამ  გერმანული მოდელი თავისი არსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.    გერმანული მოდელის არსის  შესაბამისად არჩევნები რომ ჩავატაროთ საქართველოში ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული, ეს არის პერსონალიზებული საარჩევნო სისტემა განსხვავებით იმ სისტემისგან რომელსაც ადგენს  საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა. ამიტომ გერმანული მოდელის იმპლემენტაცია კანონმდებლობაში არის შეუძლებელი კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე.   კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების რესურსი კი ხედავს საზოგადოება არ არსებობს.  ამიტომ გავუსწოროთ რეალობას თვალის და ნუ წარმოვაჩენთ ისე სურათს, რომ შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის ცუდი საარჩევნო სისტემა, სრულიადაც არ არის ასე“.

 

მან ასევე იმ განსხვავება ისაუბრა, რაც 2016 წლის არჩევნებისგან განასხვავებს ახალ მოდელს, ესაა 3%-იან ბარიერი. -„მაშინ როდესაც 5%-იანი ბარიერი არსებობდა.   3%-იან ბარიერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი