logo_geo
გიორგი ვოლსკი: ადამიანი-ბოქლომი რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს
- +

29 ნოემბერი. 2019. 13:22

 

„ამ შემთხვევაში ადამიანი-ბოქლომი რას იტყვის, მნიშველობა არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა, რითაც ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა, რომ უმრავლესობა პარლამენტში დილით ადრე „შეიპარა".

 

ვოლსკის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენების გამო, დღეს უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისის ნაცვლად პარლამენტში ჩატარდა და უმრავლესობა პარტიის ოფისში 09:00 საათზე ხშირად იკრიბება.

 

„შეკითხვა რომ ისმება, ამასაც ვერ მივხვდი, სხდომა არ უნდა ჩავატაროთ? ამ შემთხვევაში ადამიანი-ბოქლომი რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაქვს, წლის ბოლო ახლოვდება, დაძაბულობაც არ გვინდა, რომ დაეტყოს ჩვენ გუნდს და მითუმეტეს, აგრესია, რადგან ჩვენ მუშაობას ეს ხელს შეუშლის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მან ასევე დღეს უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხილვის მთავარი თემა მიმდინარე პროცესები იყო. ვოლსკის შეფასებთ, მთავარია, რომ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება და მწვავე დამოკიდებულება საზოგადოებაში არ გადავიდეს. მისივე განცხადებით, დღეს საუბარი საარჩევნო სისტემასაც ეხებოდა.

 

„იყო საუბარი „გერმანულ მოდელზე“, აქ არ არსებობს ორი აზრი, იურიდიული განმარტებებიც გავაკეთეთ, აზრები მოვისმინეთ ერთმანეთის. ასევე ვისაუბრეთ და ინფორმაციები გავცვალეთ საერთოდ ზოგად შეფასებაზე, პარტნიორების მოსაზრებებზე. ვფიქრობ, ხვალ არავის მოაგონდება, ვინ რა თქვა ერთი ან მეორე მხრიდან, ხალხს მოაგონდება, რომ პარლამენტის მუშაობის პასუხისმგებლობა არსებობს და იმ გადაწყვეტილებების მიღების, რომელიც ეხება ხელფასებს, პენსიებს, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, პროექტებს და ძალიან მნიშნელოვან თემას, რასაც მიწის საკუთრების დაკანონების საკითხი ჰქვია. ეს თუ არ გადავწყვიტეთ, მერე გიგამ რა თქვა, გიამ რა თქვა და სხვამ რა თქვა, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ ექნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

big_banner
არქივი