logo_geo
„კონკრეტული პოლიტიკური ძალა ბათუმის მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა”
- +

12 მარტი. 2017. 20:20



ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენების შესახებ ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება.


„დღეს ვნახეთ, რომ აბსოლუტურად თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით იმოქმედა ხელისუფლებამ, კონკრეტულად, ასე იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს არის ის ახალი პრაქტიკა და ის ახალი სტანდარტი, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში სწორედ 2012 წლის შემდეგ, მაშ შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა გუშინ განვითარებული მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა.


„იყო გარკვეული მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლიდარობა გამოუცხადა ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ, ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს თუ ვის რა იურიდიული და ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.


„არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში. ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას. ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ამის ყველა რესურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი