logo_geo
მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობის“ კვალი იმდენად აშკარად ჩანს, ამაზე საუბარიც ზედმეტია
- +

13 მარტი. 2017. 13:41



 „ნაციონალური მოძრაობის" კვალი იმდენად აშკარად ჩანს, რომ ამაზე საუბარიც ზედმეტია, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ვერსიები ოთხ ჯგუფად იყოფა.

 

„სხვადასხვა ვერსიებს ვხვდებით, რაც სოციალურ ქსელებშია. ეს შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს. 1. თვითონ ხელისუფლების შიგნით მოხდა დაპირისპირება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის და ამან გამოიწვია, რაც მოხდა; 2. მესამე ძალა იყო ჩართული, რომელმაც მოახდინა ამის ინსპირირება - ან თურქეთი ან რუსეთი. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსიებია ამასთან დაკავშირებით. 3. ეს იყო „ნაცმოძრაობის" მიერ ინსპირირებული. 4. ეს იყო შემთხვევითი მოვლენა, რომლის ლიდერობა და სიტუაციის ხელში ჩაგდება მოინდომა სხვადასხვა ჯგუფმა და პრინციპში ეს არ გამოუვიდათ.

 

ყველა ამ ვერსიას აქვს სიცოცხლის უფლება, რადგან მე არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებში არის გარკვეული დაპირისპირება, მითუმეტეს, ვიცით, რომ დაპირისპირება არსებობს ადგილობრივ და ჩამოსულ ძალოვნებს შორის", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" კვალი აშკარად ჩანს აღნიშნულ მოვლენებში.


„ნაცმოძრაობის" კვალი იმდენად აშკარად ჩანს, ამაზე საუბარიც ზედმეტია. სოლიდარობის გამოცხადება, ირაკლი ჩხირკვიას აქტიურობა, „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა წარმომადგენლების აქტიურობა, თავშეყრა თბილისსა და ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების აქტივობა განსაკუთრებით დილის ოთხ საათამდე, სოლიდარობის აქციები. იმ პიროვნებების მიერ ულტიმატუმების წამოყენება, რომლებიც „თავისუფალ ზონასთან" ან „ნაცმოძრაობასთან" ასოცირდებიან. ეს ყველაფერი მიჩენს საფუძვლიან განწყობას, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


მისი თქმით, აღნიშნული მოვლენა იყო ორგანიზებული არა მხოლოდ ლოზუნგების გამო, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც.


„საიდან გაჩნდა იქ იმდენი ქვა. ქვაფენილი აყარეს, მაგრამ სხვა ქვებიც იყო იქ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დაემთხვა ვიღაცა სხვის სურვილს. ვიღაცამ ძალა მოსინჯა აჭარის რეალობაში. მამუკა არეშიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ეს მოვლენები სხვა დღისთვის იყო ორგანიზებული.


„არ არის გამორიცხული, რომ ეს სხვა დღისთვის იყო ორგანიზებული. ჩვენ ვიცით იმის თაობაზე, რომ იქ „შავი სამყაროს" წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ და ამზადებდნენ ქუჩას გარკვეული ექსცესებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ეს ამ დღისთვის არ ხდებოდა, უბრალოდ, რადგან სიტუაცია შედგა, ამ დღის გამოყენება გადაწყვიტეს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი