logo_geo
რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია?
- +

23 ნოემბერი. 2016. 19:50



პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა, რომელიც მანამდე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.


„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელია ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ახალი სახეა.


2016 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე გახარიას წლიურმა შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 75 000 ლარი შეადგინა.


დეკლარაციის შევსების პერიოდში გახარიას „რაიფფაიზენ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 102 900 დოლარი, „საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 600 ლარი ჰქონდა.


გახარიას საკუთრებაშია ასევე, 76 კვ. მეტრის ფართობის ბინა რუსეთში. მის მეუღლეს მარიკა ფანცულაიას ეკუთვნის თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; მამას ზაურ გახარიას კი - 14 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ამაღლების ქუჩაზე; ასევე სიღნაღის რაიონის, სოფელ ხორნაბუჯში მდებარე 280 000 კვ.მეტრის ფართობი და წავკისში მდებარე 1 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები ეკუთვნის.


მოძრავ ქონებას რაც შეეხება, გახარიას მსგავსი ქონება არ აქვს, თუმცა მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია ტოიოტა RAV4 ფირმის მსუბუქ ავტომანქანას ფლობს.


დეკლარაციის შევსებისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს „რესპუბლიკა ბანკში" 11 370 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რის შედეგადაც 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასავალმა 2 120 დოლარი შეადგინა. მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე „ბანკ რესპუბლიკაში" 2 102.41 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც გასული წლის გასავალი 422 დოლარი იყო.


დეკლარაციის მიხედვით გიორგი გახარია ჰყავს მეუღლე მარიკა ფანცულაია და ერთი შვილი ანა გახარია.


 

 

 

big_banner
არქივი