logo_geo
დათო ლორთქიფანიძე: 26 მაისის ერთ-ერთი დამნაშავე პაატა ლეჟავაა!
- +

23 მარტი. 2017. 16:58



„ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


„ჯერჯერობით,  26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ. ეს პროკურატურის გადასაწყვეტია.

 

შალვა ოგბაიძესთან დაკავშირებული ფაქტი მოხდა 27-ში, როდესაც მისმა მეუღლემ დაურეკა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც იმ დროს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მაშინ მეც პარლამენტში ვმუშაობდი და რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, პარლამენტის თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ყველა აქციაში ვიღებდი მონაწილეობას. მე, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ალეკო ყუფარაძემ მივიღეთ გადაწყვეტილება და შალვა ოგბაიძე, ფარულად რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, მოვიპარეთ და ამით გადავარჩინეთ მისი სიცოცხლე, რადგან ის იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. 26 მაისის ღამეს ცემის შედეგად, მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ნაჭდევი ჭრილობები, ჰქონდა ძალიან მძიმე ფორმის ტვინის შერყევა. ოგბაიძეს თავზე ედგა სპეცრაზმის ბადრაგი. პერიმეტრს პოლიციის ქვედანაყოფები, მათ შორის, საპატრულო პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები იცავდნენ, რომლებიც პასუხს აგებდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაურჩნენ რუსთაველის გამზირზე მათ ჯალათურ მოქმედებას. მთელი ღამის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1000-მდე დაზარალებული შევიყვანეთ.

 

გულსატკენია, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადანილი ბევრი ვანდალური აქტი ბოლომდე არ არის გამოძიებული. გავიხსენებ 2007 წლის 7 ნოემბერს. ყველამ კარგად იცის, თუნდაც, როგორ მოექცნენ ჟურნალისტებს. 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციას, რომელსაც პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ და რითიც უნდოდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რა ბოროტი იყო მაშინდელი ოპოზიცია. იმ აქციაზე შალვა ოგბაიძეც ძალიან დაზიანდა. მეც ვიღებდი მონაწილეობას... ჩემთან სახლში დარეკეს და ჩემს მეუღლეს უთხრეს, სასწრაფოდ წამოვიდეს იქიდან, თორემ ცუდად დაამთავრებსო.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი დამნაშავე, რომელიც დაუსჯელია და რომელმაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი უბედურება დამართა ქვეყანას, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და ვანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" პაატა ლეჟავაა. იგი აშანტაჟებდა 26 მაისს მოკლული და მაღაზიის თავზე დაგდებული სულიკო ასათიანის ოჯახს. ლეჟავა უშიშროების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ერთად დადიოდა ოჯახში და აშანტაჟებდა მათ. ემუქრებოდა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ სიმართლის ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებდნენ.

 

მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კარგია შალვა ოგბაიძის საქმის და სხვა საქმეების გამოძიება, მაგრამ ვითხოვ, რომ პროკურატურამ ლეჟავა დაიბაროს და გამოკითხოს. ჰკითხოს, თუ რა მოტივაციით აკეთებდა ამას, მისი სურვილით კეთდებოდა თუ მისი ლიდერები ავალებდნენ. სანამ ადამიანები ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არ აგებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მობრუნდებიან და აქეთ დაგიწყებენ მუშტების მოღერებას..." - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.


 

big_banner
არქივი