logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიღება
- +

27 მარტი. 2017. 19:41



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიღება.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვლინდეს და ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდოთ.


პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას  მოგილოცოთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად  2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდავიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 %-მდე  სწორედ შსს-ზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს, რომ ეს ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო.

მათ განსაკუთრებულად ვულოცავ  ამ შედეგს.

 

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიღება.

ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც, ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

 

მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე  28 მარტიდან დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომელიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრება, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.

იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმების და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე-კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტვას.

 

ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შსს მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა.

 

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც  უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ  პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიუად მივაწოდოთ.

 

აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან, 95 პროცენტი დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე, პოლიციის ატაშეების დონეზე.

ევროპელ პარტნიორებთან საერთშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით ასევე უმნიშვნელოვანესია  ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც  არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 

გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის!

გისურვებთ წარმატებებს!" - განაცხადა მღებრიშვილმა.

 


 

big_banner
არქივი