logo_geo
სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციაზე: დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას
- +

11 დეკემბერი. 2020. 13:14

 

 

„ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ. ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია. გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად საჭიროა ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა. შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება საქართველო იყოს ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს.

 

„არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც. ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „ჰუბ“- ის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი