logo_geo
ალუდა ღუდუშაური: ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა
- +

24 მარტი. 2021. 18:16

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ამავდროულად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ალუდა ღუდუშაური სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ესაუბრა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდობის როლზე, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. ალუდა ღუდუშაურმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საქართველოში არსებულ კანონმდებლობასა და სამართლის საკითხებზე.

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ადამიანებმა სამართლიანობის კუთხით დაცულად იგრძნონ თავი, ამისთვის კი ასევე აუცილებელია თქვენ - ახალგაზრდებს გქონდეთ ცოდნა, რისთვისაც დრო და ენერგია არ უნდა დაზოგოთ“, - მიმართა სტუდენტებს ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობა გაითავისონ.

 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აქვე მომავალ შეხვედრებზეც შეთანხმდნენ, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, სხვა სფეროების მიმართულებით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები.

 

როგორც ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები ფრიად მნიშვნელოვანია, აზრთა ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებზე კი იმის საწინდარი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.

 

„მსგავს შეხვედრებს, პირველ რიგში, მე ვუყურებ, როგორც მომავალ თაობასთან მჭიდრო კონტაქტს და სინერგიას იმ ჯაჭვში, რომელიც ძველის ახლით ჩანაცვლების პრინციპს გულისხმობს. ამ პრიზმიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობასთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო და ახლო კონტაქტი. ეს გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ მათ ასევე ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ არა მომავალში, არამედ ახლაც, ამ წუთსაც ჩართულები არიან სახელმწიფო მართვაში ამა თუ იმ ფორმით. სტუდენტობა ხვალ ნამდვილად არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა. ამიტომ, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ დღესვე კარგია, თუ ჩვენ ამ მომავალ თაობას ვასწავლით პასუხისმგებლობის გააზრებას და განცდას იმისა, რომ თვითონაც არიან ამ სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ მათი პოზიცია, ჩართულობა და ყოველდღიურობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

big_banner
არქივი