logo_geo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მიერ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული
- +

31 მარტი. 2021. 02:20

 

„ყველა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიისთვის ჩვენ პარლამენტის კარს ღიას ვტოვებთ. საქართველო არის სახელმწიფო, მას ყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელმაც იცის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ფასი. ყველა ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯი მომავალშიც ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დანიელსონმა დღეს მხარეებს წარუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი.

 

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე.

 ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკვე მრავალგზის აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ვხედავთ, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ ყველა საკითხზე.

ეს არის საარჩევნო რეფორმა, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ამაში შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირება, საკრებულოში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისობრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერის შემცირება.

სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის რვა წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10 პროცენტის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათვლა, საარჩევნო უბნების გარშემო ასმეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

big_banner
არქივი