logo_geo
მამუკა მდინარაძე: ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო, სრული ისტერია აქვთ
- +

1 აპრილი. 2021. 13:31

 

 

„ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა“, – ამის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ისინი საკუთარ შანსს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ.

 

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ-ის მოქალაქის პასპორტით და კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით.

 

მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისად, მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, კოვიდ-რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.

 

ამავდროულად, რა მომენტშიც სტუმრების თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას. ეს ნაწილიც ჩვენთვისაც ძალიან მიუღებელი იყო და არ იყო კარგი სურათი, გულწრფელად ვთქვათ.

 

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი და აქტივისტები, მათი ლიდერები მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვს.

 

ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე, უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები.

 

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის – პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ოპოზიციამ მთავარ სპიკერად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გიორგი კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან ორ თვეში.

 

დასაფიქრებელია ასევე რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანია;

 

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად „პაკლონნაია გორაზე“ მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, კაგებეს სამჭედლოში, მგიმოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;

 

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე, ФСБ-ს რევოლუციის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

 

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

 

და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი - ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!

 

თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!

 

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი