logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: გვწამს, რომ NATO-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი
- +

4 აპრილი. 2021. 12:11

 

 

„ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით NATO-ს გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რომ NATO-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

 

პრემიერი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება.

 

„1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – NATO.

 

NATO-ს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია.

 

NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.

 

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

 

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე – „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.

 

დღეს საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

 

ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

 

მე უკვე განვაცხადე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს NATO-ში დაწინაურების დრო დადგა.

 

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ NATO-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, - წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

right_banner big_banner
არქივი