logo_geo
არჩილ თალაკვაძე: განახლებული დოკუმენტის ხელის მოწერის შემდეგ, პირობების კორექტირება აღარ მოხდება
- +

19 აპრილი. 2021. 16:43

 

 

„გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია“, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ, იმ პირობით, რომ ქვეყნის ევროპელი პარტნიორები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც, თალაკვაძის შეფასებით, სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმის გარანტია, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი და არა - პოლიტიკური შეფასება.

 

„მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ რეალური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა.

 

გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გაგვაჩნია, იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიულად პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის საერთაშორისო დასკვნაში.

 

რისთვისაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, განახლებული დოკუმენტის ხელის მოწერის შემდეგ, პარტიის მხრიდან პირობების კორექტირება აღარ მოხდება და მმართველი გუნდი არ დაეთანხმება სხვა სახის შინაარსობრივ დამატებას.

 

არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისკენ. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა „ქართული ოცნების“ პოზიცია გიორგი რურუასა და ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

 

„ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა, მისი დისკრედიტაციის მიზნით.

 

ქართულ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში, დამოუკიდებლობისა სამართლიანობის გაუმჯობესებების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ამ წლების განმავლობაში, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, რომლებშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის.

 

რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3 პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რათა არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება არასათანადო ფორმით.

 

განახლებული დოკუმენტის ხელის მოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას, ცვლილებებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია, მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე, ცნობილია, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე, ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია, რომ არ გვექნება კრიტიკული შეფასება, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ასევე ცნობილია ის შემოთავაზება, რომელიც გააკეთა მედიატორმა მელიასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი