logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება
- +

12 მაისი. 2021. 16:55

 

 

„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება“, - ამის შესახებ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურითა და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭვირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიამ და, მეორე მხრივ, ომმა ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებასა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, ხაზი გავუსვით მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ინოვაციების მიმართულებით. უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად არაერთი მიმართულებით ჯერ კიდევ არის უდიდესი პოტენციალი. სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვადამდელი არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებისთვის, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბატონ პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

right_banner big_banner
არქივი