logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ არა აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს
- +

31 მაისი. 2021. 12:28

 

 

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. 6 თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურმა პარტიამ“ ვერც ერთი პირობა ვერ შეასრულა.

 

„ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, ვერ შევალ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას მარტივი მიზეზი აქვს: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა - დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ნათელია, რომ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლას პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არა აქვს.

 

„ამ პოლიტიკურ ძალას არა აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არა აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი, ლოგიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი