logo_geo
იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და კოჭლი ფეხი გაუმთელდება
- +

1 ივნისი. 2021. 15:25

 

„ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა, მათ ყველაფერი ვაპატიე, ისინი კდემამოსილი ადამიანები არიან“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

დეპუტატის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ. რა გავწუწავ, პირიქით, ძალიან მოხარული ვართ, მათ მიმართ დიდი მოლოდინით ვართ და გვსურს, კორექტული ურთიერთობა გვქონდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც ასე მოხდებაო, მაგრამ ისე არ მოხდა. შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გააცნობიერებენ, რომ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწერონ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით 43 პროცენტი, რისთვისაც იბრძვიან, შარლ მიშელის დოკუმენტის მონაპოვარია. როცა პარლამენტში შემოვლენ, თავიანთ ამომრჩეველს ხომ უნდა აუხსნან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ უნდა მიიღოს? ამომრჩეველი იკითხავს: „საიდან ეს 43 პროცენტი“? „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხებს: „შარლ მიშელის დოკუმენტიდან“. ამ დროს, როცა ამ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი, ლოგიკური არ არის და ამას პარტია არ დაუშვებს. ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვიდა, მათ ყველაფერი ვაპატიე, ისინი კდემამოსილი ადამიანები არიან.

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მას ვეთანხმები, რადგან თუ ხელშეკრულების მხარე არ ხარ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამბები არ გეხება. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.

 

„დოკუმენტი არის კოჭლიო. შარლ მიშელის დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ რაღაც საყრდენი და ათვლის წერტილი გვქონდეს ურთიერთობის გასაგრძელებლად. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს, კოჭლი ფეხი გაუმთელდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

right_banner big_banner
არქივი