logo_geo
დენის შმიგალი: რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ
- +

3 ივნისი. 2021. 11:53

 

„იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებს უკრაინასა და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის NATO-ს ქვეყნების ჩართულობით.

 

ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას.

 

იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ.

 

ჩემი მხრივ, მინდა, დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

 

 

 

big_banner
არქივი