logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება ჩვენ, იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის დანაყოფი
- +

28 ივნისი. 2021. 19:19

 

 

„თქვენ დაგვაკარგინეთ ტერიტორიების 20 პროცენტი. „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ შემოაბრუნა რუსული ჯარი, რითაც მათ დააკანონეს ქვეყნის ოკუპაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში თუ ციხის გარეთ.

 

 

„ოპონენტებისგან სხვა რა უნდა მომესმინა, თუ არა, აბსურდული ბრალდებები, თითქოს შინაარსისგან დაცლილი ხედვა წარვადგინეთ, მაშინ, როდესაც მე დეტალურად ვისაუბრე ყველა მიმართულებაზე. დეტალურად კიდევ ერთხელ შევახსენე ჩვენს თავს, თუ ყველა მიმართულებით რამხელა პროგრესი გვქონდა ბოლო წლებში. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული მეგობრებო. ჩვენ როცა ვესაუბრებით ოპონენტებს და როცა მე ხელს ვიშვერ, ვგულისხმობ დამნაშავე პირებს, წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ახსოვდეს ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების გამეორების უფლება.

 

არაერთხელ გავიხსენეთ და ვახსენეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. მე მესმის, რომ ეს მათთვის არის ძალიან მძიმე ჭრილობა, მაგრამ მეგობრებო, ეს თქვენი მძიმე მემკვიდრეობაა. თქვენ დაგვაკარგინეთ ტერიტორიების 20 პროცენტი. „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილის მთავრობამ შემოაბრუნა რუსული ჯარი, რითაც მათ დააკანონეს ქვეყნის ოკუპაცია.

 

 

 

ჩვენ უნდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს თავს, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა. ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში თუ ციხის გარეთ. გაუპატიურება დ ა.შ. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ, „ქართულ ოცნებას“.

 

აღარაფერს ვსაუბრობ არც ადამიანის უფლებებზე, არც მედიის თავისუფლებაზე, რაზეც ბატონმა არჩილმა ისაუბრა, რაც მათ აღარ აინტერესებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ. იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის დანაყოფი. რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდ მოსამართლე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ - რატომ რჩებიან დღეს სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები. რამდენიმეს გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, უკაცრავად - თქვენ მოგმართავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი