logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს
- +

5 ივლისი. 2021. 11:28

 

„დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსნებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის, აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე „პრაიდის“ ორგანიზატორებთან.

 

„მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს. შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა, მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკები, საფრთხეების შეფასება მიიღონ მხედველობაში და ალტერნატივად, სხვა ლოკაცია აირჩიონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

 

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება.

 

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

 

big_banner
არქივი