logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს - პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ, ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ
- +

17 ივლისი. 2021. 13:12

 

„ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ. ეს მოცემულობაა და უნდა შევცვალოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მას, აქვთ პრეტენზია, რომ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით.

 

„ის აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა და სპეკულაციები, რაც წამოვიდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მოგეხსენებათ, რომ ბატონი შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში, დაესწრება ჩვენს კონფერენციას - „ევროპული გზა”. ასევე, კოლეგებს ველოდებით - მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალინ კარგი პლატფორმა, შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავცვალოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მიღწეული პროგრესი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში, იგივე - ევროასოცირების მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმის და უამრავი სხვა კუთხით. თუნდაც, ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით, მე პირადად, ჩვენს გუნდს, მთლიანად „ქართულ ოცნებას” ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გვაქვს პრეტენზია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შარლ მიშელის შეთანხმებაზე და მის ჩართულობაზე მინდა ვთქვა; ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ შარლ მიშელს, მისი ჩართულობა იმ დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება მიღწეულიყო ჩვენს ოპოზიციასთან. თუმცა, აქვე შევახსენებ ყველას, რომ ოპოზიციის ნახევარზე მეტს, რა თქმა უნდა, დესტრუქციული სააკაშვილის მეთაურობითა და მისი პარტიის ლიდერობით, ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი ამ შეთანხმებაზე, რაც ყველაფერს სცემს პასუხს. აქვე, მინდა, ჩვენს პარტნიორებსა და ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მხრიდან, დღეის ჩათვლით, და ზოგადად, ყველაფერს ვაკეთებთ ამ შეთანხმების შესასრულებლად და ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა. მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი. შეიძლება, რაღაც გაუგებრობა არსებობდეს... შევხვდებით, დავილაპარაკებთ, ისევ ისე გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრობასა და პარტნიორობას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner big_banner
არქივი