logo_geo
გივი მიქანაძე: 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა
- +

26 ივლისი. 2021. 13:59

 

„საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

ბრიფინგზე გივი მიქანაძემ საზოგადოებას კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ 2 თვე-ნახევრის განმავლობაში, 16 სამუშაო შეხვედრაზე, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოითხოვეს.

 

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა ხარვეზების რიგი, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შემადგენლობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადეს.

 

არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა.

 

დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება.

 

„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის სხდომას არ დაესწრო. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.

 

right_banner big_banner
არქივი