logo_geo
ნათია თურნავა Fitch-ის რეიტინგზე: ეს არის კარგი საწინდარი, რომ ჩვენ წლის ბოლოს გვქონდეს მართლა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი და ეკონომიკის შემცირება
- +

9 აგვისტო. 2021. 13:52

 

 

„პირველ რიგში, გამოვეხმაურები საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სუვერენული საკრედიტო რეიტინგი იგივე დაგვიტოვა და პერსპექტივა გაგვიუმჯობესა ნეგატიურიდან სტაბილურობისკენ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა,“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, Fitch-ის გადაწყვეტილებას დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები.

 

Fitch-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს, ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ეს არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად გაჯანსაღების პროცესი, რაც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. ეს არის კარგი საწინდარი, რომ ჩვენ წლის ბოლოს გვქონდეს მართლა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი და ეკონომიკის შემცირება. ასევე, გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

big_banner
არქივი