logo_geo
კახა კუჭავა: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს, რომ მაქსიმალური შედეგი დადოს თითოეული თქვენგანისთვის
- +

2 სექტემბერი. 2021. 22:00

 

 

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ გაკეთებული საქმითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს. საქმით, რომელზეც საუბრობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი მსოფლიოში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჩხერე განსაკუთრებული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.

 

„ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ბევრი მქონდა გაგონილი საჩხერის განვითარებაზე. მესმოდა, რომ ამდენი რაღაც კეთდებოდა, რომ იყო ადამიანი, რომელიც სოფლებს უვლიდა, ცდილობდა მაქსიმალური წვრილი შეეტანა ამ რეგიონის, ამ კუთხის განვითარებაში.

 

შემდეგ, ამ ადამიანმა მიიღო, მე ვიტყოდი, საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. თქვა და ეს პირობა შეასრულა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, რომლითაც დღესაც ვამაყობთ გუნდის თითოეული წევრი.

 

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ გაკეთებული საქმითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს. საქმით, რომელზეც საუბრობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი მსოფლიოში.

 

ჩვენ ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, ბევრი დაგვრჩა კიდეც, თუმცა, სადაც მივდივართ, გვხვდება მინიმუმ რამდენიმე პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს იმ პრიორიტეტების, იმ პრინციპების დაცვით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე მიზნად დასახა. ეს არის ის ხელშესახები პროექტები, ხელშესახები სარგებელი, რომელსაც იღებს ესა თუ ის რეგიონი. თეატრების და მუზეუმების მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქ არ არის საუბარი უბრალო, მარტივ რეაბილიტაციაზე, საუბარია უმაღლესი დონის, ტექნიკურად უზრუნველყოფილ და მოწყობილ კულტურულ ცენტრებზე.

 

ოზურგეთის თეატრი უნიკალურად გაკეთებული, პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს.

 

მსოფლიო მასშტაბის პროექტები, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, უნიკალურია არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის. ყველას გვახსოვს ის ცილისწამება და ტყუილები, რეალურად კი ჩვენ და ჩვენს შვილებს გვაჩუქა. ოჯახთან ერთად რამდენჯერმე ვიყავი იქ და არ შეიძლება უდიდესი სიამოვნება არ მიიღო იმ შედეგით, რომელსაც ვხედავთ. აღარ ვსაუბრობ ბლექ სი არენაზე, მუსიკოსთა პარკზე და იმ უამრავ პროექტზე, რომლითაც ვამაყობთ.

 

ასევე ძალიან კარგად გვახსოვს ბერა ივანიშვილის წარმოუდგენელი ჟესტი, რომელმაც გადარიცხა თანხა ამაზონის ტყის აღდგენისთვის და ამით უდიდესი წვლილი შეიტანა ტრაგედიასთან ბრძოლაში, რასაც „მსოფლიოს ფილტვებში“ გაჩენილი ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა. მეეჭვება გაგახსენდეთ სხვა ქართველი, ვისაც მსგავსი საქმე გაეკეთებინა.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილს დავიმახსოვრებთ, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საფუძვლის შექმნა, რომელიც ვნახეთ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

 

დღეს ვადგავართ სწორედ იმ გზას, რომელსაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი- ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ყველას უფლება თანასწორია, სრული შესაძლებლობებია წარმოჩენილი და ნელ-ნელა ვაღწევთ ამ მიზანს. გახსოვთ პირველი ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ყველა სხვა დიდ ქვეყანასთან, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან და ბევრი სხვა სიკეთე, რომელსაც ჩვენ კიდევ ვნახავთ.

 

ეს არის ის საფუძველი, რომელსაც ფუნდამენტი ჩაეყარა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი პრემიერ-მინისტრობით და რასაც ვაგრძელებთ . ჩვენი ძლიერი გუნდი, რომელიც დაუმარცხებელია შვიდი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

 

მთავარია ღირსეულად შევძლოთ ამ გზის გაგრძელება. ბევრი საინტერესო რეფორმაა დაგეგმილი, ბევრი დაწყებული რეფორმის დასრულება და ახლის დაწყება.

 

როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ჯანდაცვის მინისტრის, ინიციატივით დაწყებული მუშაობა სოციალურ კოდექსზე, რომელშიც პარლამენტი აქტიურადაა ჩართული და თითოეულ თქვენგანს მთელი საქართველოს მასშტაბით მიეცემა საშუალება, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოხდეს კოდიფიკაცია მთავარი, ფუნდამენტური უფლებების.გერმანელი, ფრანგი, ევროკავშირის ძლიერი ექსპერტები ჩართულნი არიან ამ კოდექსის შემუშავებაში, რომელიც მოიტანს გრძელვადიან განვითარებას უფლებების დაცვის საკითხში.

 

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს მაქსიმალური შედეგი დადოს თითოეული თქვენგანისთვის. თუ რა მასშტაბის პროექტებია განხორციელებული სხვადასხვა რეგიონში ამაზე ციფრები მეტყველებს. თუმცა, ჩვენ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე, ყოველთვის ვუყურებთ პრობლემებს და გამოწვევებს, როგორც მთავარ ოპონენტს და ერთობით და სიმტკიცით შევძლებთ მათ დაძლევას.

 

დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ საჩხერეში და გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

big_banner
არქივი