logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა
- +

5 სექტემბერი. 2021. 19:13

 

 

„32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა რეგიონის განსავითარებლად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, წყალმომარაგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწყებულია ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას.

 

„პროგრამა 63-ვე მუნიციპალიტეტში ახლა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის პირველი ფაზა, ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება. წელს 500 მილიონი დაიხარჯება და რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პროგრამას. ამ ყველაფერს სჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და ადამიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესმენი იქნება ეს ფერმერი თუ უბრალოდ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი, სჭირდება სტაბილურობის განცდა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ცხოვრება საქართველოში და არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქე მუდმივად არეულობის, რევოლუციისა და ომების მოლოდინში. ამ სიტყვას მე შეგნებულად ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, გამოცადა ძალიან მძიმე განსაცდელი ომების სახით, დაწყებული მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. იყო სამოქალაქო ომიც, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი - სამაჩაბლო და ახლა, სულ რაღაც 13 წლის წინ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით ამ დიდი ტრაგედიისა და უბედურების თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და შეახსენებს ყველას და ნათელია ყველაფერი, თუ ვინ არის პასუხისმგებლობიანი ძალა ამ ქვეყანაში.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელწერით, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა და ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მის დაცვაზე. მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება - აი ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ ჩვენ 2 ოქტომბერს ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი