logo_geo
კახა კალაძე: სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მიზეზების გამო, ჩვენს ქალაქში ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა ვერავინ შეძლო
- +

6 სექტემბერი. 2021. 20:44

 

 

„მინდა გულწრფელად გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ ოთხი წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო სამწუხაროდ შეფერხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება პირიქით ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ“, - განაცხადა  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

 

„აუცილებლად განვავრცობ თითოეული პროექტის სამომავლო გეგმებს, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტების რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში და გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამის საკვანძო მიმართულებებს, ამის შესახებ მომდევნო დღეებში სათითაოდ, თემატურად უფრო დეტალურ პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ.

 

ოთხი წლის წინ, მე და ჩემმა გუნდმა ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა აგრეთვე უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად. უკანასკნელი 30 წლის ისტორიის ქარტეხილების, სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური, გნებავთ მორალური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად და სისტემურად ზრუნვა ვერავინ შეძლო. მეტიც, ზოგიერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ რიგი პრობლემები კიდევ უფრო მოცულობითი გახადა, და ეს არასწორი გადაწყვეტილებები ქალაქის ინტერესებს დღესაც კი აზიანებენ.

 

ამ საკითხების მოსაგვარებლად და განვითარების სწორ, შეუქცევად გზაზე თბილისის დასაყენებლად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა 2017 წელს შევქმენით ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა. ეს იყო სტრატეგიული ჩანაფიქრი--ერთადერთი სწორი გამოსავალი დედაქალაქის განახლების და ევროპულ სტანდარტზე მიახლოების მიზნის მისაღწევად.

 

დიდი მადლობა ყველა თბილისელს ვინც ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა კარგად გააცნობიერა და ქალაქის საჭიროებები პირად კომფორტზე წინ დააყენა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

 

ამ შვიდი პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე თბილისელებს უკვე ჩავაბარე დეტალური ანგარიში და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ.

 

დღეს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აქცენტს გავაკეთებ იმ პროექტებზე, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, თუმცა სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გამო, მათი განხორციელება ვერ შევძელით. ვერ შევძელით, რადგან რთულია, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს მიჰყვე წინასწარ დაგეგმილ ჩანაფიქრებს და არ აუწყო ფეხი, და მენეჯმენტი ამ გლობალურ პრობლემას.; რთულია ახალი ძვირადღირებული რეკრეაციული სივრცეების, ან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იფიქრო, როდესაც, კოვიდისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო ათასობით შენი თანამოქალაქე შემოსავალის და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გარეშე რჩება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მერია მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაზე და ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეწყო, სახსრებიც ამ მიმართულებით გადავანაწილეთ და ამ მხრივაც ბევრის გაკეთება შევძელით ჩვენი მოსახლეობისთვის.

 

მინდა მაგალითისთვის შეგახსენოთ ის გეგმები, რაც პანდემიამ შეგვიფერხა. დაპაუზდა ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი ლილოს მიმართულებით. ლოქდაუნის გამო ვერ შევძელით დროულად მოგვეძიებინა კვალიფიცური კომპანიები, რომლებიც თბილისის ანძის პროექტს განახორციელებდნენ, 4 წელიწადში ვერ დავასრულეთ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, თუმცა ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია, როგორც ამ და ისე ჩამოთვლილ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

 

ასევე, პანდემიისგან გამოწვეულმა პროცესებმა დააზიანა ღამის ეკონომიკის პროგრამა და ვერ შევძელით ბოლომდე აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც თბილისს ამ მიმართულებით გააჩნია, თუმცა მოვახერხეთ, გლობალური პანდემიით დაზარლებულ ღამის ეკონომიკის სექტორებს გვერდში დავდგომოდით და შევეცადეთ, კრიზისი შეგვემსუბუქებინა, რათა თბილისის დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით შენარჩუნდეს. ასევე, გადაიდო გამზირების რეაბილიტაცია, რომელიც თბილისის უბნებს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდიდა.

 

სამწუხაროდ, ასე შეაფერხა მსოფლიო პანდემიამ ჩვენი თბილისური გეგმები, თუმცა პროექტების განხორციელებას მაინც შევძლებთ უახლოეს მომავალში, ყველა ეს პროექტი გათვალისწინებულია ჩვენს შემდგომ, ოთხწლიან პროგრამაში. ყველას იმედი გვაქვს რომ ეს პანდემია სულ მალე უკან დაიხევს და ყველანი დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს.

 

ოპტიმიზმის და მომავლის იმედს გვმატებს ის, რომ 2017 წელს წარმოდგენილი ჩვენი სარჩევნო პროგრამიდან ამ რამდენიმე მიმართულების გარდა, პრაქტიკულად ყველა პროექტის განხორციელება შევძელით. ეს გვიქმნის სტიმულს და თავდაჯერებულობას, რომ შევძლებთ იმ რამდენიმე შეუსრულებელი პროექტის განხორციელებასაც, რომელიც 2017 წლის პროგრამით წარმოვადგინეთ და იმ პროგრამული დაპირებების შესრულებასაც, რომელსაც ახალი საარჩევნო პროგრამით ვგეგმავთ და რომელიც არსებითად შეცვლის ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ“,- განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი