logo_geo
"ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ - გადაწყვეტილებას მივიღებ ისეთს, რომელიც ქალაქისთვის იქნება სასარგებლო"- „ოცნების“ ახალი სახე ბათუმის საკრებულოში
- +

6 სექტემბერი. 2021. 22:09

 

 

ბათუმის საკრებულოში მოხვედრის მსურველთა პროპორციულ სიაში მმართველ პარტიას მხოლოდ 5 ქალი ჰყავს. ზუსტად იმდენი, რამდენიც კვოტირებითაა განსაზღვრული. სიის მეცხრე ნომერი ჟურნალისტი ნინო ცხვარაძეა.

 

რამდენად აქვს შანსი პარტიული სიით გასულ კანდიდატს იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მას.

 

პროფესიით ჟურნალისტი ხართ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ „ქართული ოცნება“?

 

- ბოლო 22 წელია ვმუშაობ გაზეთ „აჭარაში“ ჟურნალისტად. წლების განმავლობაში ვაშუქებდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ჩემი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ვერ იტყვის ვერცერთი მხარე, ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია, რომ მათი სათქმელი არ მივიტანე მკითხველამდე.

 

ვიყავი დაბალანსებული ჟურნალისტი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდია. პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ თუ აქამდე გაზეთის საშუალებით მიმქონდა ხელისუფლებამდე მოსახლეობის პრობლემები, გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, ალბათ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება იმ ტრიბუნიდან ვთქვა ჩემი სათქმელი.

 

თქვენი აზრით რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?

- ალბათ ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ჩემი წარსული არ უკავშირდება არცერთ პოლიტიკურ ძალას. ამასთან, კარგად ვიცი თვითმმართველობა. წლების განმავლობაში ამ კუთხით ვმუშაობდი და ეს გამოცდილება მომავალში გამიადვილებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.

 

ხელისუფლებს მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ხშირად ესხმიან თავს ჟურნალისტებს, თუნდაც ოპოზიციურ მედიებში დასაქმებულ თქვენს კოლეგებს. ეს დისკომფორტს გიქმნით, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ „ზოგიერთი ჟურნალისტი“ ამას იმსახურებს?

 

- არამხოლოდ ჟურნალისტზე, ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, თავდასხმა მიუღებელია ჩემთვის. სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია. ეს უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. მედია უნდა იყოს თავისუფალი და მედიას საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

თქვენი პირადი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენთ, სხვა განწყობებია. თუკი საკრებულოში შეხვალთ, პარტიული ხაზის გამტარებელი იქნებით?  რამდენად შეიცვლება თქვენი პოლიტიკა.

 

- ვერ გეტყვით, რომ გუნდური პრინციპით არ ვიმუშავებ. ამას არც უარვყოფ და ღიად ვაცხადებ. თუმცა გუნდის შიგნით აუცილებლად მექნება ჩემი პოზიცია, რასაც გავახმოვანებ შიგნით და ნებისმიერ საკითხზე მექნება საკუთარი პოზიცია, მოსაზრება და მსჯელობა.

 

ბათუმის მოქმედმა საკრებულომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, მაგალითად „ამბასადორი“ და „რივიერაც“ კმარა. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?

 

- სენსიტიური თემა არის ძალიან. თქვენ მითხარით, რომ უმრავლესობამ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებებს მხარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობამ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე დაუჭირა ამ მშენებლობებს მხარი.

 

პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ ორ პროექტზე?

 

- ურბანული განაშენიანების გეგმა უნდა არსებობდეს. ასეთ დროს არქიტექტორები და ურბანისტები გიკარნახებენ რა ჯობია და რა არ ჯობია. ამიტომ მოდი ჯერ შევიდე საკრებულოში და მერე ვისაუბროთ.

 

მე გეკითხებით უკვე მომხდარ ფაქტზე. როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?

- გემოვნებაზე არ დავობენ და მოსახლეობის ნაწილს მოსწონს მაღალი შენობები, ნაწილს არ მოსწონს.

 

მაღალ შენობებზე არ მიკითხავს. ორი კონკრეტული პროექტის შესახებ გკითხეთ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში შენდება – „ამბასადორზე“ და „რივიერაზე“.

- მოდით, როცა შევალ საკრებულოში, მერე გიპასუხებთ ამ კითხვაზე.

 

ჩემთვისაც, ისევე როგორც ბევრი ბათუმელისთვის, ეს არის სენსიტიური საკითხი. ამ ეტაპზე შეფასებისა და ჩემს პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ.

 

თუ თქვენ გახდებით საკრებულოს წევრი და იქნება დავალება მსგავს პროექტებზე, თქვენ როგორ მოიქცევით? რამდენად გექნებათ უნარი საკუთარი პრინციპებით იხელმძღვანელოთ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ?

ზოგადად, ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ. გადაწყვეტილებას მივიღებ ისეთს, რომელიც ქალაქისთვის იქნება სასარგებლო.

 

ფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი იქნებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

- დამოუკიდებელი ვიქნები. ეს უკვე აღვნიშნე. გუნდთან ერთად, გუნდური პრინციპით ვიხელმძღვანელებ. თუმცა შიგნით აუცილებლად გვექნება მსჯელობა. დავიცავ საკუთარ პოზიციას.

 

თქვენს პარტიას ზუსტად იმდენი ქალი შეჰყავს საარჩევნო სიებში, რამდენსაც კანონი ავალდებულებს. ეს რითია გამოწვეული – იმით, რომ ქალების ადგილი ისევ „კუხნაშია“?

 

- ქალის ადგილი ყველგანაა, მათ შორის „კუხნაშიც“. თუმცა ალბათ თავის დროზე ცოტა ქალებმაც დავაშავეთ, როცა ოჯახით შემოვიფარგლებოდით. მე ვფიქრობ, თუ ქალი აქტიური იქნება მას შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი მიმართულებით იმუშაოს და მოსინჯოს ძალები. არამხოლოდ პოლიტიკაში. ეს კვოტირების ამბავი არ არის, მაგრამ თუ რეგიონის სამთავრობო გუნდს გადავავლებთ თვალს, გენდერული ბალანსი დაცულია. ორი მინისტრი ქალი გვყავს. ესეც ხომ პარტიის გადაწყვეტილება იყო? ეს ფაქტი ქალების მნიშვნელობას უსვამს ხაზს პოლიტიკაში.

 

ჩემთვის მისაღებია მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. გენდერს არასდროს შეუშლია ჩემთვის ხელი მეკეთებინა ის საქმე, რაც მინდოდა. რისი უნარი და შესაძლებლობაც მქონდა. ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები.

 

ანუ ფიქრობთ, რომ ქალებს აქტიურობა აკლიათ?

- კი, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ აქტიურები.

 

თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში კანდიდატი კაცები ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი ოჯახები. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გვერდით წარმატებული ქალები არიან. მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოჯახივით იზრუნებენ, მოუვლიან ქვეყანას, რეგიონს, ქალაქს. ალბათ ქალები უფრო მეტად დეტალებზე ვართ ორიენტირებულები, უფრო მეტად შემწყნარებლები ვართ და პრობლემების გადაწყვეტაზე არ ვართ ხისტები. თუმცა ზოგჯერ კაცური სიხისტეც საჭიროა და ქალური სათნოებაც.

 

თუმცა არ ჩანს, რომ თქვენს პარტიას აინტერესებს ქალების ჩართვა პოლიტიკაში. ასე რომ არ იყოს, საარჩევნო სიაში კვოტირებით განსაზღვრულზე მეტ ქალს ჩასვამდა არა?

 

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. გამოწვევების არ უნდა შეგვეშინდეს. უარი არ უნდა ვთქვათ. ალბათ ჰქონდა უფრო მეტ ქალს შეთავაზება, მაგრამ უარი თქვეს პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ თავზე. ვფიქრობ, უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ და ჩართულები პროცესებში. კაცებზე ნაკლებად ნამდვილად არ შეგვიძლია საქმის კეთება.

 

ბათუმის მთავარ პრობლემად რა მიგაჩნიათ, რომელსაც გამოასწორებდით?

- მეც ძალიან მაწუხებს წვიმის დროს დატბორილი ქუჩები. სამუშაოები დაწყებულია და ვფიქრობ მოწესრიგდება სანიაღვრები ისე, რომ ბათუმელებმა შევძლოთ სუფთა ქუჩაში გავლა წვიმის დროს. ყოფითი პრობლემები არის. მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურები არის დარჩენილი.

 

სამი მნიშვნელოვანი რამ დაასახელეთ, რომელიც ბოლო 5 წელიწადში მოხდა ბათუმში და რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივებზე, გზების დაგების გარდა.

- პირველი სტადიონს ვიტყოდი, რომელმაც ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ქალაქზე. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ელექტროავტობუსები და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა. ასევე „ოცნების ქალაქი“. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა პრობლემებზე მისაუბრია ჩემი გაზეთის საშუალებით და ეს პრობლემა რომ გადაწყდა, ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

 

თუმცა „ოცნების ქალაქში“ არსებული პრობლემა ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილისთვის გადაწყდა.

დარწმუნებული ვარ ყველა მიიღებს „ოცნების ქალაქში“ ბინას.

 

შეხვედრები თუ გქონდათ მოსახლეობასთან, რა პრობლემური საკითხებია ისეთი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს? რის მოგვარებას გთხოვენ?

 - გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა იმ რეკომენდაციის და წესის დაცვით, რა მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან. აქვე მინდა ვისარგებლო და საზოგადოებას მოვუწოდო აუცილებლად გაიკეთონ აცრა. ეს აუცილებელია პანდემია რომ დავამარცხოთ. ავიცრათ არამარტო საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი ახლობლებისთვის.

 

შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვთხოვენ მოქალაქეები. რაც დროში გაწელილი პროცესია. ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება.

 

ძირითადად მაინც არის კანალიზაციის პრობლემა, წყლის პრობლემა, გზის პრობლემა. ვიცით, რომ კანალიზაციის პროექტის რამდენიმე ფაზა განხორციელდა და სამომავლოდაც იგეგმება ამ ფაზების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია თორემ ყველა ოჯახთან მივა წყალი, გზა, გარეგანათებაც იქნება, სანიაღვრეებიც იქნება გაკეთებული.

 

ამასთან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულები. მაგალითად, მეტი ინფორმირებაა ადამიანების იმ პროგრამებზე, რომელიც აქვს ვთქვათ მერიას.

 

ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების საფუძველზე ხდება. ბათუმის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მონაწილეობითი ბიუჯეტი. მოქალაქეები მეტად აქტიურები უნდა იყვნენ. ის მოსაზრება, პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, აუცილებლად მიიტანონ შესაბამის ორგანომდე.

 

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუშაობა თვითმმართველობაში? რა საკითხებზე იმუშავებთ?

 

- ალბათ ნებისმიერ საკითხზე ვიმუშავებ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ამას გარდა კლინიკაში ვმუშაობ, ყოველდღიური შეხება მაქვს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან. აჭარა გამოირჩევა ჯანდაცვის კუთხით. უამრავი პროგრამაა. ალბათ უფრო ვიმუშავებ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ასევე ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლება. აქაც ბევრი სასიკეთო რამე კეთდება. თუმცა გასაკეთებელი კიდევ არის, განათლება და კულტურა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის.

 

ასევე ვისურვებდი მერიის პროგრამებით გადამზადდეს ექიმები, ექთნები. ეს შემდეგშიც გამოგვადგება. აი, თუნდაც დღეს, როდესაც პრობლემა არის მედპერსონალის კუთხით. ეს სამომავლოდაც სასარგებლო იქნება, იგივე ეპიდემიების მართვაში დაგვეხმარება.

 

რეგიონის მთავრობა აფინანსებს უცხოეთში სტუდენტებს, მაგრამ თუკი წარმატებულ ბათუმელ სტუდენტებს ბათუმის მერიაც დააფინანსებს, ესეც სასურველი იქნება ჩემთვის და პრიორიტეტული.

 

კოორდინატორებზე მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი კოორდინატორია ბათუმში?

- ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ დავინტერესებულვარ. თუმცა მსოფლიო მასშტაბით ჰყავთ არჩევნებზე კოორდინატორები და წარმომადგენლები. ჩვენთანაც არიან. კანონი არ კრძალავს.

 

რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირადად თქვენ კოორდინატორების ინსტიტუტი?

 - თუ ვიღაც მიუტანს ადამიანებს ინფორმაციებს, რა ვიცი, ამაში ახლა არასამართლიანს ვერ ვხედავ.

 

თუ კოორდინატორები ზედმეტად შეაწუხებენ მოსახლეობას… მაგრამ არ მგონია, რომ რამე არაკანონიერს აკეთებდნენ. ეს ყველგანაა მსოფლიოში.

 

ხომ არ იცით რამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს ბათუმში?

- ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ.

 

საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის რის გაკეთებას შეძლებთ?

- სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვინცაა იმათ ეხმარება ხელისუფლება, მაგრამ ვინც ვერ ხვდება ამ ბაზაში, აქ შეიძლება იყოს პრობლემა და  შესასწავლია, რატომ ვერ ხვდებიან ეს ადამიანები. იმიტომ, რომ შემხვედრიან მოქალაქეები, რომელთაც უთქვამთ, აი, ჩვენ ვერ მოვხვდით. ვერ ვღებულობთ შესაბამის დახმარებას. ამ კუთხით უფრო მეტია სამუშაო.

 

 

right_banner big_banner
არქივი