logo_geo
კახა კუჭავა: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში
- +

12 სექტემბერი. 2021. 20:17

 

 

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი ნონოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ანივარდ მოსოიანი საქართველოში ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება.

 

„მოგესალმებით ნინოწმინდელებო! როგორი ლამაზი სახელია, ისეთივე ლამაზი როგორც არის ეს მხარე, თბილი და მშრომელი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს. ვერ ნახავთ დაუმუშავებელ მიწას. პროდუქციით, რომელიც ნინოწმინდაში იქმნება, მარაგდება მთელი საქართველო. უნდა შევეცადოთ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავიმკვიდროთ ადგილი როგორც ევროპის, ისე სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და იგი სრულად უნდა გამოვიყენოთ. არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, თქვენც იყენებთ და კიდევ უფრო მეტმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ერთია, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი და მეორე, როგორი ხედვა არსებობს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მშრომელი ხალხი და ამავდროულად მუნიციპალიტეტს სჭირდება ხელმძღვანელი, მერი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს აქ პატივისცემას, სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს. დღეს საქართველოში იგი ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს საუკეთესო მაგალითია იმ გაკეთებული საქმით და შედეგით, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში დაიდო და ამას ყველა ხედავს.

 

როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტიურად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან შეიძლება გადმოსვლა და იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში. მერს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საკრებულო, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რათა ყველა დაწყებული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის სიძლიერეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია გვესმოდეს ესა თუ ის პროგრამა როგორ მოვარგოთ რეგიონს. სიახლეები საჭიროა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოდიოდეს მოსახლეობის, ახალგაზრდობს ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი