logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ!
- +

27 სექტემბერი. 2021. 12:48

 

“ჩვენ აბსოლუტურად, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით საზოგადოებას და არა მხოლოდ - ჩვენს ყველა პარტნიორს. ჩვენი მოტივაცია და ამბიციაა, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი აღარ იყოს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარა უმაღლესი სტანდარტით კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გამონაკლისი და ძალიან სამწუხაროა ეს ძალადობის ფაქტები. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და მნიშვნელობა არა აქვს, ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი. ჩვენ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად. მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, დმანისის ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს.

 

დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

big_banner
არქივი