logo_geo
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის ერთადერთი გუნდი, ვინც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას და გაუმკლავდება გამოწვევებს
- +

29 სექტემბერი. 2021. 23:13

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

„თბილისელების მხარდაჭერას და პატივისცემას ძალიან ვუფრთხილდები. გპირდებით, რომ ამ პატვისცემას კარგი საქმეებით დავაბრუნებ. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო დედაქალაქის მერი. ეს არ არის ჩვეულებრივი თანამდებობა - უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ვგრძნობ საკუთარ თავზე და გრძნობენ ჩემი თანაგუნდელები. მზად ვართ, ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქს. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად აქვს წარმოდგენილი ქალაქის განვითარების კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს პროექტების სახით, იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისი გაიმარჯვებს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა. დანარჩენს კი საქმით გაჩვენებთ. უკვე დაგანახეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც მზად ვართ, კეთილსინდისიერად გემსახუროთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი და თბილისი გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობასთან კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

„ჩვენი სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ყოველთვის გვაქვს თქვენთან ურთიერთობა, სადაც ვსაუბრობთ გასაკეთებელ საქმეებზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე, გამოწვევებზე. ზუსტად იმიტომ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას, რომ ჩვენ ვართ ის ერთადერთი გუნდი, ვინც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას და გაუმკლავდება გამოწვევებს. არ გვეშინია ამ პრობლემების და ძალიან კარგ საქმეებს გავაკეთებთ. ისეთ საქმეებს, რომლითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი იამაყებს. იამაყებთ ასევე თქვენ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ. დარწმუნებული ვარ, გულში თქვენც გიხარიათ ის სასიკეთო საქმეები, რაც მთელი ქალაქის მასშტაბით კეთდება, იმიტომ, რომ თქვენც იყენებთ ამ პროექტებს, თქვენც გადაადგილდებით მოწესრიგებული ტრანსპორტით; იყენებთ რეკრეაციული სივრცეებს, რომელიც განახლებულია, რეაბილიტირებულია; იყენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას. ეს ქალაქი ყველასია, მეგობრებო. ის, რასაც ვაკეთებთ, ყველასთვის ვაკეთებთ და ყველას მერი ვარ. ამ პრინციპებით ვცხოვრობდი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

„ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მართვაზე, განვითარებასა და აღმშენებლობაზე. გპირდებით, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

big_banner
არქივი