logo_geo
კახა კალაძე: 2 ოქტომბერს პრაქტიკულად ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ
- +

6 ოქტომბერი. 2021. 10:20

 

 

„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს არჩევნები და რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ. მოგეხსენებათ, მთელმა წინასაარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიური მუშაობა ერთი წუთითაც კი არ შეფერხებულა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულებას ელოდნენ მოქალაქეები, დასრულებულია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება განუხრელად გაგრძელდეს. თბილისელები ხედავენ, რამხელა შრომა ჩაიდო იმაში, რომ დღეს თუნდაც, მოწესრიგებული, სუფთა ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. კიდევ რამდენიმე ტენდერი უნდა დასრულდა, რამდენიმე უნდა გამოცხადდეს და თბილისს გარანტირებულად ექნება განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტი. სანამ ოპოზიცია და მათი სატელიტი მედიასაშუალებები უსაფუძვლო თითის გაშვერით იყვნენ დაკავებული, შევძელით და 1000-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ, მათ შორის ისეთები, სადაც წინა ხელისუფლებას არათუ რამე გაუკეთებია, არც კი შეუვლია. ამავე დროს, არ მავიწყდება, რომ თბილისში რჩება ქუჩები, რომელთა მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ შევძელით. დიახ, ოთხ წელიწადში ყველა პრობლემას ვერ გავწვდით, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ქალაქში მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესი არ გაჩერებულა, არ გადაგვიდევს მოსახლეობის ინტერესები გვერდით. ბევრი დასახლება მოწესრიგდა და მე ვგრძნობ ამ ხალხის მადლიერებას, რაც ყველაზე დასაფასებელია ჩემთვის. შევეჭიდეთ ბინათმშენებლობებით დაზარალებულების, დაუსრულებელი მშენებლობების თუ დაუკანონებელი ფართების წლობით მოუგვარებელ პრობლემებს, მძიმე მემკვიდრეობას, რაც წინა ხელისუფლების მმართველობამ დაგვიტოვა და დავდეთ შედეგი - დავიწყეთ საქმე, რომელიც ათასობით ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის პარალელურად, დავიხსენით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ათეულობით უკანონოდ გასხვისებული მუნიციპალური ტერიტორია, სადაც სკვერები მოეწყო ან ეწყობა. 1000-ზე მეტი მიგდებული, მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე აღვადგინეთ და დავუბრუნეთ თავისი ფუნქცია. პირველ რიგში, ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას დავუბრუნეთ ისინი. სწორედ ჩვენი შვილებისთვის, 4 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 4 ოქტომბერს ბავშვების უმრავლესობა წავიდა ისეთ ბაღებში, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება არცერთი ევროპული ქვეყნის ბაღს კეთილმოწყობის, უსაფრთხოების თუ აღჭურვილობის თვალსაზრისით. კიდევ რამდენი რამ გვეთქმის, რაც ნებისმიერი ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს, თუ ის გულწრფელად იღებს ვალდებულებას ქალაქის მართვაზე. ამისთვის მე არ ვითხოვ მადლობას, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მოვალეობა იყო, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ გაუკეთებელსა და გაკეთებულს შორის, დაზიანებულსა და აღდგენილს შორის, განვითარებაზე ორიენტირებასა და რევანშზე ორიენტირებას შორის, მომავლის პერსპექტივასა და წარსულში დაბრუნებას შორის არცერთი მოქალაქე არ დასვამს ტოლობის ნიშანს. სწორედ იმ დაწყებული და გასაგრძელებელი პროექტების გამო, იმ დაგეგმილი და ბოლომდე მისაყვანი საქმეების გამო, რომლითაც ბევრი მოქალაქის გული გავახარეთ; თითოეული თქვენგანის გამო - ვისაც ვეიმედები, მზად ვარ, კიდევ ერთხელ ავიღო პასუხისმგებლობა თბილისის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი