logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
- +

8 ოქტომბერი. 2021. 11:48

 

 

„NATO-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

მისი განცხადებით, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები, NATO-საქართველოს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, კერძოდ, განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ავღანეთში NATO-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც.

 

„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა NATO-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს ავღანეთში NATO-ს მიერ წარმოებულ მისიებში.

 

მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, საქართველომ, NATO-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, მნიშნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ალიანსის ძალებს ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესში, რაც მეტყველებს ჩვენი ძალისხმევის წარმატებასა და იმ პროგრესზე რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება. გაიმართა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებსაც გაეცნენ.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი