საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩემი აზრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები გამოჯანმრთელდებიან. ძალას ვუსურვებ მამაც მაშველებს მათ ძალისხმევაში“, - აღნიშნავს დიპლომატი.
ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.