logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში
- +

20 ოქტომბერი. 2021. 19:25

 

 

„ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძის გამარჯვების შემდეგ  განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმობა ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას და ბევრი სოციალური პროგრამა განხორციელდება.

 

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან ქალაქ რუსთავში. ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერი შედეგი დავდოთ ყველა მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და რუსთავში გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული კანდიდატი - ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. რუსთავში ძალიან მარტივი მოცემულობაა - ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით, წესიერებით და მეორე მხარეს არის ყველაზე ცნობილი ბანდიტი და მძარცველი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული.

 

ყველამ იცის ამ ქალაქში, ვინ არის კირკიტაძე - კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ქონების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. ასეთი ადამიანი უპირისპირდება ჩვენს კანდიდატს. ჩვენ რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ნინო გაიმარჯვებს დამაჯერებლად, რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს ბრძნულ არჩევანს და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებს, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს.

 

კირკიტაძე არ არის გამონაკლისი, პირიქით. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა პოლიციელის წინააღმდეგ. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენ ძლიერ გუნდი ვართ და ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ. ჩვენ ორ ქალაქში არ გვყავდა ჩვენი მერი - ოზურგეთსა და თიანეთში და ჩვენი მოტივაცია არის რომ ამ ორ ქალაქშიც ჩვენი მერი გავიდეს. ყველა რეგიონის მიმართ მექნება განსაკუთრებული ყურადღება. რუსთავის მოსახლეობას მინდა დავპირდე, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ქალაქ რუსთავის განვითარებას და კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამები განხორციელდება, რეალისტური და არა ისეთი აბსურდული, როგორიც ისმის ამ მოძალადე ბანდიტისგან. ნინოს არჩევის შემდეგ ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ ბიუჯეტიდან რუსთავს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, უფრო მეტად კეთილმოვაწყოთ რუსთავი და რუსთაველებს მეტად კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი