logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ვიდეოზე: აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს სპეცსამსახურების მიერ მოტაცებაზე - ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 11:08

 

 

„რეალურად, ეს ტრაგედიაა. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს რომელიმე ადამიანს, რომელიც ამ ვიდეოს ნახავს?“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას, ხობში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.

 

„ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიცაა ამ ვიდეოში, ასეთივე არასტაბილურ მდგომარეობაშია ახლაც, ისიც და მთელი მისი გუნდი. ადამიანს რომ ასეთი ილუზიები არ ჰქონოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ელემენტარული ვერ გაეთვალა, როცა აქ იპარებოდა ქურდულად. აღმოჩნდა ციხეში. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, არის სრული სიმართლე. წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი, მას ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და, კიდევ ერთხელ, ასე არასერიოზულად მოიქცა და არასერიოზულად დაამთავრა. 1-ელ ოქტომბერს, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახლა გვაქვს რეალური შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან, არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქ დიდხანს დარჩებიან. მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 30 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და არავინ დარჩეს სახლში.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს - 30 ოქტომბერს, ყველანი არჩევნებზე. ძალიან გთხოვთ ყველას, არავინ არ დავრჩეთ სახლში და ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო, მათ არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ თქვან, ამა თუ იმ კანდიდატმა ძლიერად ვერ მოიგო. ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი