logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახლდათ პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი
- +

3 ნოემბერი. 2021. 22:56

 

 

„ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა, ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, ეს არის ზეპარტიული გამოწვევა, ამაზე შეთანხმება არის პასუხი, როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას; პრაქტიკულად, იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა; ერთი მხრივ, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას; ოპოზიცია კი, სულ სხვა ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა. ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახლდათ პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი. პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ, თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაბრუნდება რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტაში.

 

მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება – ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და მესამე, უმნიშვნელოვანესი – ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა; იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება, რომელიმე პარტიული ინტერესი ამას წინ უსწრებდეს. ეს არის ჩვენი ერთობლივი, ზეპარტიული გამოწვევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია; არა იმიტომ, რომ 80 პროცენტი ქვეყნის ამ გზას მხარს უჭერს, არამედ ეს არის ერთადერთი ჩვენი სოციალური, ეკონომიკური, სახელმწიფო განვითარების გზა. ამაზე შეთანხმება არის პასუხი იმ არსებით კითხვაზე, როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი