logo_geo
შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ
- +

6 დეკემბერი. 2021. 18:02

 

 

„ეს გახლავთ ალბათ გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სასამართლო პროცესზე, როდესაც ხდება ალტერნატიული ისტორიის შეთხზვა და მცდელობა იმის, რომ პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ არსებული ჩანაწერის საკითხის ირგვლივ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი ამოიღოს ისტორიიდან.

 

„არის მცდელობა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტი თანამედროვე ისტორიის სწავლებაა. საზოგადოებამ იხილა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები და ამონარიდები. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომელთა შორისაა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ედუარდ შევარდნაძე. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ნაწილი, რასაც მოზარდები უნდა სწავლობდნენ. აჟიოტაჟი, რასაც ვხედავთ, 21-ე საუკუნის ცენზორების კიდევ ერთი მაგალითია.

 

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდზე უნდა იყოს თუ არა ნახსენები, იბრძვიან არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან. ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი